IBSU–ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ორმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ინფორმატიკის ჰაკათონი 2022 – IOT-ში
22.05.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ორმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ინფორმატიკის ჰაკათონი 2022 – IOT-ში.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე გუნდებმა შექმნეს საკუთარი ნამუშევრები. IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, მონაწილეები: გიორგი მაღლაკელიძე, მარი ნაზაროვი, ზურაბ ზარანდია და ალექსანდრე საჯაია, შექმნა „ჭკვიანი ნაგვის ურნა“, რომელიც წყვეტდა ნაგვის მიღებას მაშინ, როცა ურნაში ნაგვის რაოდენობა გარკვეულ დონეს მიაღწევდა.
მეორე კურსელებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, წევრები: ნანა სიხარულიძე, ელენე ბენდელიანი, პაატა მუშტაშვილი და ლუკა რაქვიაშვილი, შექმნა რობოტმანქანა, რომელზეც გაზის სენსორია დამაგრებული, მანქანას შეუძლია ოთახში ისე მოძრაობა, რომ ყველა დაბრკოლებას გვერდი აუქციოს, ხოლო გაზის სენსორი ზომავს ოთახში დაგროვებული გამონაბოლქვის რაოდენობასა და ტემპერატურას.
როგორც ჰაკათონის მონაწილე, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის II კურსის სტუდენტი ლუკა რაქვიაშვილი განმარტავს, სტუდენტების ორივე გუნდის იდეების საფუძველი სოციალურია და მიზნად ისახავს ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა, გაზის წვისას დაგროვებული მავნე აირებით მოწამვლისგან თავის არიდება და ქუჩებში გადავსებული სანაგვე ურნებისგან ნაგვის გავრცელების შეჩერება.
საერთო ჯამში, ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა გუნდმა თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილის ფარგლებში. პროექტის მიზანს წარმოადგენს სტუდენტებში კვლევითი უნარების განვითარება და უნივერსიტეტთა შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება.