IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებმა ICPC ჩემპიონატის ნახევარფინალში მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვეს
13.07.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებმა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის 2021-2022 წლების სეზონის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – International Collegiate Programming Contest) ნახევარფინალში მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვეს. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის II კურსის სტუდენტები გიორგი კიკნაველიძე, გიორგი ჭაბუკიანი, ლუკა რაქვიაშვილი.
გუნდის მწრთვნელის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, დოქტორ გიორგი მანდარიას შეფასებით, ამ რანგის კონკურსები ძალზე მნიშვნელოვანია სტუდენტების პროფესიული ზრდისა და გამოცდილებისთვის. ამგვარი წარმატება ძალზე საამაყოა პირადად მისთვის და ზოგადად, უნივერსიტეტისთვისაც, რაც პირდაპირ მიანიშნებს IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სიძლიერეზე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც.
კომპიუტერული მეცნიერების II კურსის სტუდენტის ლუკა რაქვიაშვილის აზრით, ამგვარ კონკურსში მონაწილეობა დიდი გამოწვევა იყო გუნდისთვის, რადგან ამ დონის კონკურსი პირველი იყო მათთვის და განსაკუთრებით საამაყოა პირველივე ჯერზე მესამე ხარისხის დიპლომის მოპოვება.
პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის 2021-2022 წლების სეზონის მსოფლიო ჩემპიონატში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული სამი გუნდი მონაწილეობდა.
ნახევარფინალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები.
წელს ღონისძიების გლობალური სპონსორი კომპანია Huawei-ია და ხოლო ლოკალური სპონსორები არიან ქართული კომპანიები „სოფტგენი“ და „ალტა-სოფტვეარი“.