სიახლეები
- 20/06/2024
IBSU-ს პირველკურსელები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვივნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით, სამართალმცოდნეობის, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. სტუდენტები დაესწრნენ სასამართლო პროცესს, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილ. ასოცირებული პროფესორი, ირინე იმერლიშვილი.
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებმა, სკოლის დეკანთან, პროფესორ ირაკლი შამათავასთან და საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრაციულ დირექტორთან, ქრისტინე ქარდავასთან ერთად დაათვალიერეს საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე დაესწრნენ საინფორმაციო შეხვედრას, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნოს უფროსი გიორგი ლომთაძე, რომელმაც ისაუბრა საკონსტიტუციო დავების განხილვის თავისებურებებზე, სასამართლოს სტრუქტურაზე და მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტურობაზე.
აღსანიშნავია, რომ სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლამ, 2023-2024 სასწავლო წელს რეგისტრირებულ ყველა იმ პირველკურსელ სტუდენტს მისცა ეს უნიკალური შესაძლებლობა, ვინც რეგისტრირებულია სავალდებულო საგნებში – „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი“, „შესავალი საკონსტიტუციო სამართალში“, „კონსტიტუციური სამართალი“.
ინფორმაციისთვის, დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევდნენ გასაჩივრებული რეგულაციის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირის საქმის განხილვაზე იძულებით მიყვანას სასამართლოს განჩინების გარეშე, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირი წარმოდგენილია ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა გაუმართლებლად ზღუდავდა ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.