[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

იბსუ-მ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან ერთობლივ პროექტებს იწყებს

იბსუ- დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან ერთობლივ პროექტებს იწყებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან ერთად ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებს. უნივერსიტეტსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი იბსუ-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა მოაწერეს.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან ერთად დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, რომელიც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმარება გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიღრმავონ თეორიული ცოდნა სამართალში.

„მოხარული ვარ,  რომ თანამშრომლობა დავიწყეთ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ეს დიდ გამოცდილებას ნიშნავს. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ტრენინგებს, მონაწილეობა მიიღონ სხვა ერთობლივ აქტივობებში.“- განაცხადა საფფეთ ბაირაქთუთანმა.

იბსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის ქეთევან ქოქრაშვილის შეფასებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან გაფორმებული მემორანდუმი იბსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

„გვექნება ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული შინაარსის აქტივობები, მათ შორის, საჯარო ლექციები, ტრენინგები, მასტერკლასები, იმიტირებული სასამართლო პროცესები, ვიზიტები უზენაეს სასამართლოში და მოსამართლეებთან შეხვედრები. მნიშვნელოვანია აგრეთვე ჩვენი თანამშრომლობა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან, როგორც დამსაქმებელთან. ჩვენი სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან მათთან და წარმატებულებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ კიდეც.“- აღნიშნა ქეთევან ქოქრაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ზურაბ აზნაურაშვილის შეფასებით, რომ მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ინფორმაციის სტუდენტებამდე სწორად მიტანა, მათთვის თეორიული ცოდნის შეძენისა და სამომავლოდ პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ამ მიზნის მისაღწევად, დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი, რაც დარწმუნებული ვარ წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია.”- განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც არეგულირებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს სასამართლო სისტემაში.