Image Alt

ზამთრის VII ოლიმპიადა ინფორმატიკაში

კვირას, 23 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამ უნივერსიტეტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის VII ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელიც კარგა ხანია ერთ-ერთ მაღალრეინტიგულ ოლიმპიადად ჩამოყალიბდა საქართველოში. მასში სამი ასაკობრივი კატეგორიის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა (VI-VIII, IX-X და XI-XII კლასები). თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა ათ-ათი გამარჯვებული, რომლებიც სპეციალური დიპლომებითა და ფასიანი პრიზებით დაჯილდოვნენ. ვულოცავ როგორც ყველა გამარჯვებულს, ასევე ყველა მონაწილეს, რამეთუ ამ ოლიმპიადაში, ტრადიციულად, უძლიერესი მოსწავლეები ღებულობენ მონაწილეობას. მადლობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელობას ოლიმპიადის სპონსორობისათვის, ასევე მის თანამშრომლებს, სტუდენტებს და ჩვენს ყოფილ ოლიმპიელებს მის ჩატარებაში გაწეული თანადგომისათვის. დაჯილდოებისა და დახურვის ცერემონიალს ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ლალი კალანდაძე და ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ქალბატონი ნინო ცანდიშვილი. სტუმრებმა მიულოცეს გამარჯვებულ მოსწავლეებს და შემდგომი წარმატებები უსურვეს მათ. წინ ეროვნული, მსოფლიოსა და ევროპის ოლიმპიადებია. დარწმუნებული ვარ აქ გამარჯვებული მოსწავლეები ამ ოლიმპიადებზეც გაგვახარებენ თავიანთი წარმატებებით.