სიახლეები

- 28/04/2026
IBSU-მ პროექტ “ერთად მომავლისკენ” ფარგლებში შაუმიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა სოციალური პროექტის – „ერთად მომავლისკენ“ – ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ ფარგლებში და მიზნად ისახავს სომხურენოვანი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში, პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით ინფორმაციის მიწოდებას, ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობას და ქართული ენის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტუდენტურ ცხოვრებას. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ინტერაქციულ კომუნიკაციას, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, რეალურ გარემოში გამოეყენებინათ მიღებული ცოდნა, ჩართულიყვნენ დიალოგში და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.
მოსწავლეებმა ასევე წარადგინეს პრეზენტაცია დაბა შაუმიანის შესახებ, ისაუბრეს მის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია IBSU-ს სტუდენტებთან. აღნიშნულმა შეხვედრამ ხელი შეუწყო კულტურულ გაცვლასა და ურთიერთგაგების გაღრმავებას.





