სიახლეები

- 02/06/2026
IBSU-ს დასაქმების ფორუმი გაიმართა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელმაც სტუდენტები და სხვადასხვა სექტორის წამყვანი დამსაქმებლები ერთ სივრცეში გააერთიანა.
ფორუმში მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს. მონაწილე ორგანიზაციებს შორის წარმოდგენილი იყო როგორც სახელმწიფო სექტორი, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს კომპანიები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ მიმართულებას – ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ ტექ ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებმაც სტუდენტებს მიმდინარე ვაკანსიებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება პროფესიული კომუნიკაციის მიმართულებით და გაცნობოდნენ თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. ფორუმი მონაწილეებს დაეხმარა პროფესიული ქსელის გაფართოებაში, რეალურ სამუშაო შესაძლებლობებზე წვდომასა და მომავალი კარიერის დაგეგმვაში.
დასაქმების ფორუმის ფარგლებში IBSU-ს წარმომადგენლები მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრებს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ბუჩაშვილი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი თამარ შიოშვილი, ბიზნესის სკოლის დეკანი მარიკა კლდიაშვილი და სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლის დეკანი იოსებ ვარძელაშვილი. შეხვედრის ფარგლებში IBSU-ს წარმომადგენლებმა დამსაქმებლებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ხედვები, პრიორიტეტული მიმართულებები და სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომები გააცნეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.











