[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს დელეგაციის ვიზიტი ცვიკაუს უნივერსიტეტში

08.07.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა 2023 წლიდან სტუდენტებს ახალ ინგლისურენოვან ორმაგი დიპლომის პროგრამას შესთავაზებს – „კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი“.

ახალი ინგლისურენოვანი პროგრამა მომზადდა საერთაშორისო პროექტის – IDEA-ს ფარგლებში ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (University of Applied Sciences of Zwickau (WHZ) და ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად შემდეგი ქვეყნებიდან – ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ჩინეთი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან პროექტს უძღვება კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი – დოქტორი მარინა რაზმაძე.

პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი დოქტორი საფფეთ ბაირაქთუთან, დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი დოქტორი მარინა რაზმაძე და პროფესორი, დოქტორი მაია ჩქოტუა, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის რექტორს სტეფან კასელს.

მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე საკითხებზე და აგრეთვე განიხილეს სამომავლოდ ერთობლივად განსაორციელებელი პროექტების პერსპექტივები.

უნივერსიტეტის რექტორის, დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით, ამგვარი თანამშრომლობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ძალზედ წინგადადგმული ნაბიჯია და ხელს უწყობს უნივერსიტეტის ავტორიტეტის ზრდას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.

დოქტორ მარინა რაზმაძის შეფასებით, ორი ქვეყნის მიერ აღიარებული სამაგისტრო დიპლომი, როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტს საშუალება ექნება განათლება მიიღოს არა მხოლოდ IBSU-ში, არამედ ცვიკაუს უნივერსიტეტშიც, განვითარდეს პროფესიულად და ბევრად კონკურენტუნარიანი გახდეს დასაქმების როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.