[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-სა  და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

03.12.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას პირველი არხის სტრუქტურულ ერთეულებში. ასევე, დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლების მიერ სტუდენტებისთვის მასტერკლასებისა და სემინარებს ჩატარება და  სასწავლო-პრაქტიკულ პროექტებში მონაწილეობა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტია ახალგაზრდების დაინტერესება მედიის სფეროთი, მათთვის იმ პერსპექტივის ჩვენება, რომელიც შესაძლებლობებით სავსე ამ თანამედროვე სივრცეს აქვს. “ამ თვალსაზრისით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას, რომელთა სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ დაფუძნებული EBU-ს რეგიონული აკადემიის ბაზაზე ჩატარებულ ტრენინგებსა და სემინარებში მიიღონ მონაწილეობა, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და გაზიარებისთვის. წლევანდელი წლისთვის ეს იქნება ბოლო უნივერსიტეტი, რომელთანაც მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რაც გულისხმობს ფართო თანამშრომლობას, პირველ რიგში, სტაჟიორების მიღებას საზოგადოებრივ მაუწყებელში, ონლაინკურსების შეთავაზებას, პროფესიონალური უნარ-ჩვევების ზრდას და პრაქტიკაში გადატანას, რაც, ვფიქრობ, ჩვენი ახალი თაობისთვის, ისევე, როგორც ჩვენი ორგანიზაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, საფფეთ ბაირაქთუთანის თქმით, დღეს გაფორმებული მემორანდუმი სტუდენტებისთვის კარგი შესაძლებლობაა უნარების განსავითარებლად.

„ჩვენი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამა ერთ-ერთი წარმატებულია უნივერსიტეტში მოქმედ  სხვა 40 საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად. უნივერსიტეტში განახლდა ლაბორატორია- “ნიუს  რუმი”, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ  პრაქტიკული დავალებები ადგილზე შეასრულონ. ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მივცეთ მათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება ისეთ სერიოზულ და წამყვან მედია გარემოში, როგორსაც მათ საზოგადოებრივი მაუწყებელი სთავაზებს. ეს მემორანდუმი ჩვენი ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა თავიანთი უნარების განვითარებისა და მომავალში პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის. ეს უნიკალური შანსი იქნება“- განაცხადა IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა.

მემორანდუმის ხელმოწერას შავი ზღვის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებიც დაესწრნენ, რომლებმაც შემდგომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიები დაათვალიერეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა 2014 წლის სექტემბრიდან. პროგრამამ 7 წლის ვადით უპირობო რეაკრედიტაცია მიიღო 2019 წელს.