- 28/11/2024
- By მარი ლეთოდიანი
- In სიახლეები
- 409
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, დოქტორი ნათელა დოღონაძე ეწვია დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტს (UniWA) ათენში, საბერძნეთი #Erasmus + პერსონალის მობილობისა და ინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში. პროფესორი ნათელა დოღონაძე დაესწრო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მეცნიერების მეოთხე საერთაშორისო კვირეულის ინაუგურაციის ცერემონიას 11 ქვეყნის (ალბანეთი, საქართველო, საბერძნეთი, კენია, მოლდოვა, მონტენეგრო, უგანდა, უკრაინა და სხვ.) მონაწილეობით.
IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, მარიამ რაზმაძემ სტუდენტებთან მორიგი შეხვედრა გამართა “ყავა და ჩაი დეკანთან” ფორმატში. მორიგი შეხვედრის ფარგლებში, არაფორმალურ გარემოში მარიამ რაზმაძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და მოუსმინა მათ გამოხმაურებას სასწავლო პროცესის შესახებ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრების ციკლი “ყავა და ჩაი დეკანთან” გრძელდება სასწავლო წლის განმავლობაში.
IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის 3×3 კალათბურთში გამარჯვებულები დააჯილდოვა. ტურნირში 10 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა „DIDUBE ENERGY“-ის ილია ცანკაშვილის, ვიქტორ ცხვარაძის, გიორგი ხუჭუასა და გიორგი გოგრიჭიანის შემადგენლობით. ტურნირი, რომელსაც დიდი დიღმის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი მასპინძლობდა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის კლუბის ორგანიზებითა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებისთვის ‘ბიზნეს ანბანის’ მომდევნო ტრენინგი ჩაატარეს. IBSU-ს უფასო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მეტი გაიგეს მარკეტინგის, მენეჯმენტის, ბუღალტერიის, ფინანსებისა და ტურიზმის შესახებ. მომდევნო ტრენინგი გაიმართება 21-22 დეკემბერს.
IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამამ ტრანსფერული უნარების განმავითარებელი ვორკშოპების ციკლი დაიწყო, რომლის პირველი შეხვედრა ჩაატარა ნიკა ნათენაძემ, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელმა თემაზე “კარიერის დაგეგმვა, ეფექტური რეზიუმე და ინტერვიუ.” სტუდენტემა პრაქტიკულად განხილეს პროფესიული და არაფორმალური კარიერული განვითარების შესაძლებლობები და გაეცნენ როგორ შეიმუშაონ ეფექტური გეგმები სამომავლოდ.