[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია

22.05.2015

2015 წლის 22-23 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში  აბრეშუმის გზის მე-10 საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე:

„ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება: პერსპექტივები და გამოწვევები“. აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA), ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბთან თანამშრომლობით.
კონფერენციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა 22 მაისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში.  კონფერენცია გახსნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ "ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ საქართველოს ხელშეკრულება არ არის. იგი ევროკავშირს ავალდებულებს საქართველოს დაეხმაროს, მათ შორის ფინანსურადაც. უნდა მოხდეს რეფორმირება სოციალურ სფეროში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით და სხვა…”. მისივე განცხადებით, ევროკავშირი მუშაობს თუ როგორ განხორციელდეს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოში. საქართველო ამ თვალსაზრისით ასრულებს თავის მოვალეობებს, სადაც აღსანიშნავია ევროინტეგრაციის პროცესისათვის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მხარდაჭერა.
დამსწრე  საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შზსუ-ს რექტორმა ბ-ნ ილიას ჩილოღლუმ, GIPA-ს რექტორმა ქ-ნ მაკა იოსელიანმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქ-ნ ელენე გოცაძემ და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ქ-ნ მარიამ ხელაძემ. საკუთარ მოხსენებაში შზსუ-ს რექტორმა ბ-ნ ილიას ჩილოღლუმ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უმთავრესი როლი შეაქვთ ევროკავშირის ხელშეკრულების არსის მოსახლეობისადმი სწორად მიწოდებაში.  კონფერენციის საპატიო სტუმრებს შორის არიან უცხოელი ექსპერტები, რომელთაც გამართეს დისკუსიები ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკურ, კულტურულ, განათლებისა თუ სხვა აქტუალურ საკითხებზე.
აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა პოლიტიკოსების, გადაწყვეტილებების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისგან ფორუმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტენსიურ დიალოგს ევროინტეგრაციის საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბ-ნ გიორგი აბაშიშიშვილმა დასძინა, რომ მიმდინარეობს სიღრმისეული მსჯელობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თაობაზე და მის გამოწვევებზე. განსაკუთრბული ყურადღება გამახვილდა DC FTA-ის თავისუფალ ვაჭრობის სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასესიო სხდომებზე. სესიები დაყოფილი იყო სხვადასხვა სფეროების და თემების მიხედვით და მათ ხელმძღვანელობდნენ შზსუ-ს ლექტორები: ასოც. პროფ. დოქტ. ივანნა მაჩიტიძე, ასოც. პროფ. დოქტ. ნიკა ჩიტაძე და ასოც. პროფ. დოქტ. აზერ დილანჩიევი.