უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით (29 აგვისტო, 2018) საზოგადოებაში გავრცელდა არასწორი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია
29.08.2018
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით (29 აგვისტო, 2018) საზოგადოებაში გავრცელდა არასწორი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რაც ემსახურება ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დისკრედიტაციას, საქმიანი რეპუტაციის შელახვას და შეიცავს მცდარ ინფორმაციას, ასევე დაუსაბუთებელ დასკვნებს.
- ცენტრი აცხადებს, რომ უნივერსიტეტის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა არ ჯდება მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოში და მოთხოვნის ადრესატი უნდა იყოს სააპელაციო საბჭო. სააპელაციო საბჭოსთვის მიმართვა შესაძლებელია მხოლოდ ცენტრის მიერ ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების უნივერსიტეტისათვის ჩაბარების შემდეგ, რაც ჭიანურდება, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობა გვართმევს დროული სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას.
- საბჭოს განცხადებით, უნივერესიტეტს შვიდი სტანდარტიდან სრულად დაკმაყოფილებული ჰქონდა მხოლოდ ორი. ეს მტკიცება არ შეესაბამება რეალობას. ექსპერტთა შეფასებით სტანდარტთან სრულად შესაბამისობა ფიქსირდება 7 სტანდარტიდან 3-თან, ხოლო მეტწილად შესაბამისობაშია 4 სტანდარტთან მიმართებით; ხაზგასასმელია, რომ ნაწილობრივ შესაბამისად და შეუსაბამოდ უნივერსიტეტი არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა (კანონმდებლობის მიხედვით, სტადარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი შკალით – შესაბამისია, მეტწილად შესაბამისია, ნაწილობრივ შესაბამისია და არ არის შესაბამისი სტანდარტთან). თუნდაც, ერთი მცირედი რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია დასკვნაში დაფიქსირდეს სრული შესაბამისობა სტანდარტის მოთხოვნებთან. დღესდღეობით, საქართველოში არ არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც შვიდივე სტანადარტთან მიმართებით შეფასებულია ან შეფასდება როგორც სრულად შესაბამისი. ამდენად, საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ფორმულირების უარყოფითი კონტექსტი, სწორედაც რომ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
- საბჭოს განცახდებით, უნივერსიტეტმა ვიზიტის დროს სრულყოფილად არ მიაწოდა ექსპერტთა ჯგუფს საჭირო დოკუმენტაცია. ხაზგასასმელია, რომ ვიზიტის პერიოდში დაწესებულებამ ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინა მათ მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ საბჭოს სხდომაზე ექსპერტები ერთხმად გამოხატავდნენ დადებით დამოკიდებულებას უნივერსიტეტის მიმართ. დოკუმენტურ მტკიცებულებას ამის თაობაზე წარმოადგენს თავად საბჭოს სხდომის ვიდეო-აუდიო და სტენოგრაფიული ჩანაწერი, რაც საჯარო ხასიათის ინფორმაციაა და მოვუწოდებთ ცენტრს, რომ გაასაჯაროოს იგი.
- საბჭო აცხადებს, რომ უნივერსიტეტმა ინსტიტუციური მდგრადობის შესაფასებლად გაითვალისწინა მხოლოდ პოტენციურ ინვესტორთან არსებული მოლაპარაკებები უნივერსიტეტის შესყიდვის თაობაზე და სათანადო ვადებში მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულება მიიჩნიეს სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის მთავარ არგუმენტად. საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ შემოსავლების სამსახურს ოფიციალური წერილით გაცხადებული ჰქონდა ყადაღის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება. საბჭოს აზრით, პოტენციური ინვესტორის მომავალში განსახორციელებელი მოქმედებები უფრო მყარი არგუმენტი იყო მდგრადობის დასასაბუთებლად, ვიდრე პრობლემის საფუძვლის მთლიანად მოხსნის ფაქტი. უნივერსიტეტი კერძო დაწესებულებაა და მის მიმართ ვრცელდება სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. იგი თვითონ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს კანონთან შესაბამისობაში მოსვლისა და პრობლების მოგვარების გზები. ამდენად, საბჭოს არგუმენტაცია, რომ უნივერსიტეტის გაყიდვა იყო ერთადერთი გზა მგრადობის უზრუნველსაყოფად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
- უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურის ცნობა ყადაღის მოხსნის თაობაზე დამოწმებას არ საჭიროებს, რადგანაც მასზე დატანილია სათანადო შტრიხკოდი, რაც დამოწმებული დოკუმენტის ექვივალენტური იურიდიული ძალის მქონეა. ცხადია, ყადაღა დადებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რომლის მოხსნის თაობაზეც უნივერსიტეტმა მიმართა სასამართლოს, თუმცა უძლურია სხდომათა გრაფიკის განსაზღვრის საკითხში.
- საბჭო აცახდებს, რომ უნივერსიტეტის მიერ არ იყო წარმოდგენილი სარჩელი, რომელშიც დავის საგანი სწორედ საკამათო 715433.01 ლარის ოდენობის ჯარიმა იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისი სარჩელი წარედგინა ექსპერტებს ვიზიტის დროს როგორც მყარი, ისე ელექტრონული ფორმით.
- საბჭო აცხადებს, რომ საკამათო ჯარიმაზე 2018 წლის მარტიდან ირიცხება ჯარიმები და საურავები. დღევანდელი მდგომარეობით, უნივერსიტეტმა ბიუჯეტში შეიტანა 877309,15 ლარი, რითაც დაიფარა საგადასახადო დავალიანება. ეს დასტურდება შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს გაცემული ცნობით დავალინების არარსებობის შესახებ (იხ. ბმული)
- სრულიად მცდარია საბჭოს განცახდება, რომ უნივერსიტეტს ფინანსური რისკები არ ჰქონდა გათვალისწინებული ბიზნეს პროცესების უწყვეტობისა და ფინანსურ გეგმებში. უნივერსიტეტს ვებგვერდზე განთავსებული ჰქონდა და აქვს სრული ფინანსური დოკუმენტაცია (გთხოვთ იხ. ბმული – აუდიტის მიერ გაცემული დასკვნა – ფინანსური ანგარიშგებები, ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გეგმა). ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ რექტორმა საბჭოზე ბიზნეს პროცესების უწყვეტობის გეგმასთან დაკავშირებიღთ განაცხადა, რომ დოკუმენტი ფორმალური ხასიათის იყო და არ სურდა ფინანსური პრობლემების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროება. ცენტრს კვალვ მოუწოდებთ გაასაჯაროოს საბჭოს ზეპირი მოსმენის აუდიო, ვიდეო და სტენოგრაფიული ჩანაწერი.
- საბჭოს განცახდებით, უნივერსიტეტმა უნდა მიმართოს ცენტრს, წარადგინოს ანგარიში რეკომენდაციების გასწორების შესახებ შეზღუდვისათვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე. უნივერსიტეტი ცხადია აპირებს ამ შესაძლებლობით სარგებლობას. დღეის მგომარეობით დავალინება დაფარულია, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ყადაღის მოხსნისთანავე, მყისიერად მივმართავთ ცენტრს შესაბამისი მოთხოვნით.