პროფესიული ვიზიტი აშშ-ში და 2019 წლის TESOL-ის კონფერენცია
25.03.2019შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფ. დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძემ მონაწილეობა მიიღო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში ინგლისური ენის პროფესიონალებისათვის. პროექტი განხორციელდა პროგრამა ,,ინგლისური ენის პროფესიონალის’’ (English Language Fellow) 50 წლის იუბელეს აღსანიშნად. პროგრამის მიზანი იყო საერთაშორისო მასშტაბით ინგლისური ენის პროგრამების ადმინისტრატორების ხელშეწყობა, ადგილობრივ კონტექსტში ახალი მიმართულებების ინიცირება და პროექტების განხორციელება ინგლისური ენის სწავლა-სწავლების ხელშეწყობის კუთხით; ასევე, პროგრამის მიზანი იყო, დახმარებოდა პროგრამის მონაწილეებს პროფესიულ განვითარებასა და ამერიკული კულტურისა და ტრადიციების შესახებ თავიანთი ცოდნის გაღრმავებაში.
პროგრამა საკმაოდ ინტენსიური იყო; მონაწილეებმა ერთი კვირა გაატარეს ლინკოლნ ნებრასკაში და ჰქონდათ შეხვედრები ნებრასკას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან; მეორე კვირა მთლიანად დაეთმო 2019 წლის ინგლისური ენის (TESOL) საერთაშორისო კონფერენციას. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, დაეხმაროს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მჭიდრო კავშირის დამყარებაში, რათა მათ ერთმანეთს გაუზიარონ ინგლისური ენის სპეციალისტთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ინგლისური ენის სპეციალისტების მიზანიც ესაა – ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესების ხელშეწყობა მასპინძელ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ზოგადად რეგიონში, ახალი საგანმანათლებლო, მასწავლებელთა გადამზადებისა თუ კულტურული პროექტების ინიცირება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეარჩიეს როგორც ერთ-ერთი წარმატებული დაწესებულება, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ,,ინგლისური ენის პროფესიონალის პროგრამაში’’ და ეფექტურად გამოიყენა ეს შესაძლებლობა 2017-2018 წლებში. პროფ. დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძემ მონაწილეობა მიიღო სემინარში, რომელსაც ესწრებოდა 600-ზე მეტი მონაწილე 40-ზე მეტი ქვეყნიდან; მან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარადგინა, როგორც სამაგალითო დაწესებულება, რომელმაც წარმატებით განახორციელა ,,ინგლისური ენის პროფესიონალის პროგრამა’’. პროგრამაში მონაწილეობა ბრწყინვალე შესაძლებლობა იყო იდეების გაცვლის, ენის სწავლების სფეროში არსებული ახალი მიმართულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და უნარების შეძენის თვალსაზრისით; უფრო მეტიც, პროგრამა მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე პროფესიონალებს შორის პროფესიული კავშირების დამყარების კუთხით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, განათლებისა და კულტურის საკითხების ბიუროს ინგლისური ენის პროგრამების ოფისსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში მათი მუდმივი მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის, რათა უნივერსიტეტმა დანერგოს საუკეთესო საგანმანათლებლო სტანდარტები და ღირებულებები როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეროვნულ დონეზე.