[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულში მონაწილეობს

02.12.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულში ორი საჯარო ლექციით მონაწილეობს  –  „სოციალური მედია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“ და „შრომის პირობების დაცვა და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები.“

8 დეკემბერს, საპანელო დისკუსიას – „შრომის პირობების დაცვა და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები“ –   ჩაატარებენ  შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე,  საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე – რაისა ლიპარტელიანი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი – გოგა კიკილაშვილი.

9 დეკემბერს, საჯარო ლექციას გაუძღვება იურისტი, მედიაექსპერტი, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორი – ნათია კაპანაძე, თემით „სოციალური მედია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“.

„ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით. ადამიანის უფლებების საყოველთაო აღიარება კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია და წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს. შესაბამისად, ჩვენი უნვერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულში მნიშვნელოვანია საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის, დემოკრატიის პრინციპების სიღრმისეულად გააზრებისა და  პრატიკაში დამკვიდრების თვალსაზრისით.“ – განაცხადა IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ქოქრაშვილმა.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულში, რომელიც პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია, ონლაინ ტარდება, საქართველოს 14 უნივერსიტეტი მონაწილეობს. წელს კვირეული 2-10 დეკემბერს გაიმართება.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლა.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID-PROLoG) მხარდაჭერით.