ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 36-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური
22.05.2024შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) პარტნიორობითა და მხარდაჭერით, IBSU-ში გაიმართა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 36-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური (GEOI’2024).
საქართველოს მოსწავლეთა სხვადასხვა რანგის ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევი ტურები გაიმართება 26-27 მაისს. მათგან გოგონათა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადაში (ივლისი, ჰოლანდია), ახალგაზრდული ნაკრები – ევროპის მე-8 ახალგაზრდულ ოლიმპიადაში (აგვისტო, მოლდოვა) და ძირითადი ნაკრები – მსოფლიოს 36-ე ოლიმპიადაში (სექტემბერი, ეგვიპტე).
ეროვნულ ოლიმპიადას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ორგანიზებას უწევს საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.
ოლიმპიადაში მონაწილეობენ საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წლის მდგომარეობით იმყოფებიან 7-12 კლასებში. ოლიმპიადა ტარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: 7-8, 9-10 და 11-12 კლასები.
ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს მოეთხოვებათ ალგორითმიზაციის საფუძვლების და პროგრამული კოდის შედგენის ცოდნა (C++). მონაწილეთა ნაშრომების შეფასება მოხდება ავტომატიზებული მატესტირებელი პროგრამით (CMS).
პირველი, ონლაინ ტური უკვე გაიმართა 28 აპრილს და მასში მონაწილეობა მიიღო საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 240-მდე მოსწავლემ. ოლიმპიადისა და მისი ჩატარების წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: geoi.ge