აკრედიტაცია
21.08.2014შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია.
აკრედიტაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობას. სახელმწიფო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში.
აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
აკრედიტაციის სტანდარტებია:
- საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;
- სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;
- მოსწავლეების/სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
- სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;
- სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
- პროგრამის მიზნები შეესაბამება დაწესებულების მისიას, ნათლად არის ჩამოყალიბებული, ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე და მიღწევადია;
- პროგრამის კომპონენტის (სასწავლო კურსი, მოდული და სხვა) შინაარსი, სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ კომპონენტით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას;
- პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით;
- პროგრამის სწავლის შედეგები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას საგანმანათლებლო (განათლების შემდგომ საფეხურზე) და დასაქმების ბაზარზე;
- პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრისა და პროგრამის განვითარების პროცესში დაინტერსებული მხარეების (დამსაქმებლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები) მონაწილეობის მექანიზმი შემუშავებულია და ხორციელდება.
სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
- პროგრამაზე მიღების წინაპირობები გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მქონე პირთა პროგრამაში ჩართვას, რაც ემსახურება სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას;
- პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში გამოყენებული სწავლების მეთოდების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას;
- პროგრამაში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა და შემდგომ კომპონენტზე დაშვების წინაპირობები ლოგიკურია;
- სტუდენტის შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ კომპონენტში უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით;
- სტუდენტის ცოდნის შეფასებისას გამოიყენება გამჭვირვალე კრიტერიუმები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ.
სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
- სტუდენტი იღებს თავისი პროფილის განსაზღვრის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მიღწევების გასაუმჯობესებლად აუცილებელ ინფორმაციას, კონსულტაციასა და დახმარებას;
- დაწესებულების აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემაში გათვალისწინებულია სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობა;
- დაწესებულება ხელს უწყობს სტუდენტის ჩართვას კვლევითი პროექტების განხორციელებაში, პრაქტიკული უნარების განმავითარებელ კომპონენტებსა და კურიკულუმისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებაში;
- დაწესებულება ორიენტირებულია სწავლების, სამეცნიერო მუშაობისა და კურსდამთავრებულთა დასაქმებულობის ინტერნაციონალიზაციაზე.
სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
- დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას;
- კომპონენტის განმახორციელებელი პირი თავად ფლობს შეთავაზებული კომპონენტის სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელ კომპეტენციებს, რაც დგინდება: აკადემიური პერსონალის შემთხვევაში – ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომით (სახელოვნებო მიმართულებებში – შემოქმედებითი პროექტით), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; ხოლო მოწვეული პერსონალის ან მასწავლების შემთხვევაში – შეიძლება დადასტურდეს პრაქტიკული გამოცდილებით;
- პროგრამის განხორციელება ხელშეწყობილია სათანადო კომპეტენციის მქონე ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალით;
- სასწავლო მასალა დაფუძნებულია მიმართულების/დარგის აქტუალურ მიღწევებზე და უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას;
- არსებობს პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
- მოქმედებს და საჯაროდ ხელმისაწვდომია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს “დაგეგმე – განახორციელე – შეამოწმე – განავითარე„ ციკლს.
- შიდა და გარე შეფასება გამოყენებულია საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის გასაუმჯობესებლად.
რეგულირებადი და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თავისებურებები
- რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი სპეციალური მოთხოვნები.
- დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულების არჩევანის შესაბამისად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამების ერთობლიობის სახით მიმართულების ან დარგის/სპეციალობის მიხედვით. ამ შემთხვევაში ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამების ერთობლიობა განიხილება ერთ საგანმანათლებლო პროგრამად.