[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU ბლოგი

16.04.2022

„რუსეთ-უკრაინის ომი“ – პანელური დისკუსია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

შავი ზღვის საერთაშორიოსო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ორგანიზებით, პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე: „რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო პასუხი მსოფლიო წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე“. ღონისძიებამ, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. დისკუსიას ჰყავდა 4 მომხსენებელი: ივანნა მაჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორი; შალვა ძებისაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი; დავით ბრაგვაძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი; და გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფთხოების მკვლევარი.

დისკუსიის მიმდინარეობისას გაჟღერდა რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებული ყველა საკვანძო საკითხი, ხოლო კითხვა-პასუხის რეჟიმში მომხსენებლებმა უპასუხეს აუდიტორიის მხრიდან დასმულ თითოეულ შეკითხვას. პირველმა მომხსენებელმა, ქალბატონა ივანნა მაჩიტიძემ, ისაუბრა რუსეთის აგრესიისა და ამბიციების საწყისებზე უკრაინასთან მიმართებით.

 

 

მან აღნიშნა, რომ ე.წ. „ნოვოროსიის პროექტი“, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეში ჩაეყარა და რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, არაერთხელ აღმოჩნდა წარუმატებელი, დაწყებული რუსეთის იმპერიის დროიდან, დამთავრებული 2014 წლის მოვლენებით. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინული ტერიტორიების რუსეთისთვის მიკუთვნება გახლდათ, რაზეც თავად პროექტის სახელი – „ახალი რუსეთიც“ მეტყველებს. ქალბატონმა ივანნამ აღნიშნა, რომ ე.წ. „ნოვოროსიაში“ შემავალი ტერიტორიები, ისტორიულად, ყოველთვის უკრაინას ეკუთვნოდა, თუმცაღა რუსეთი და კერძოდ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, დღემდე განაგრძობს ფაქტებით მანიპულირებას და ავრცელებს დეზინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, უკრაინის ტერიტორიის რაღაც ნაწილი რუსეთის საკუთრებაა, რაც, რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი უშედეგო მცდელობაა, რუსეთის აგრესიის გამართლებისა.

დისკუსიის მეორე მომხსენებელმა, ბ.ნ გიორგი გობრონიძემ, ისაუბრა რუსული პოლიტიკის ფსიქოლოგიასა და პროგნოზებზე – ახალი, შესაძლო მსოფლიო წესრიგის შესახებ. მან განმარტა, რომ რუსეთისთვის ერთ-ერთ მთავარ, ეროვნული მნიშვნელობის მქონე ტრაგედიად, კვლავაც საბჭოთა კავშირის კოლაფსი აღიქმება, რადგან ამის შედეგად რუსეთმა დაკარგა როგორც ღრმა წარსულში, იმპერიული პოლიტიკის შედეგად მოხვეჭილი ტერიტორიები, სტრატეგიული ლოკაციები და რესურსები, ისე საბჭოთა ექსპანსიის შედეგად მოპოვებულიც. შესაბამისად, რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა ემსახურება პოსტ-საბჭოთა ტერიტორიებზე გავლენის შენარჩუნებასა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან მათ მაქსიმალურ იზოლირებას. ხოლო ნატოსთან თანამშრომლობაში ჩართული სახელმწიფოების მიმართ რუსეთის პოლიტიკა უმეტესად „თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა“ სტრატეგიაზე დგას.

ბატონმა გიორგიმ, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის ასეთ პოლიტიკურ მესაკუთრეობას საფუძვლად რუსულ ელიტაში გავრცელებული ის აზრიც უდევს, რომ თითქოს, პატარა ქვეყნების სახელმწიფოებრიობა ეჭვის ქვეშაა და მათ მხოლოდ გეოგრაფიულ ერთეულებად აფასებს. ბატონმა გიორგიმ ისაუბრა იმ სიგნალებზეც, რომლებიც დასავლეთს არაერთხელ გამორჩა საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში და რომლებიც წლების მანძილზე ნათლად გვამცნობდა კონფლიქტის მოახლოებას. მოხსენებაში ასევე გაჟღერდა პროგნოზი ძალთა სამომავლო გადანაწილების შესახებ, სადაც მთავარ მოქმედ აქტორებად ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი წარმოგვიდგებიან, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის დასუსტება შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს მის სამხრეთ-აღმოსავლელ მეზობელს გაძლიერებისთვის.

შალვა ძებისაშვილმა, რომელიც დისკუსიის მესამე მომხსენებელი გახლდათ, კონფლიქტზე ისაუბრა სხვადასხვა თეორიების გადმოსახედიდან. მან საკუთარ მოხსენებაში განავრცო რუსეთ-უკრაინის ომის მნიშვნელობა, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე რეგიონში; განიხილა განსხვავებული სცენარები, ომის დასრულებასთან დაკავშირებით და შეაფასა მათი რეალურობა. ბატონმა შალვამ, ასევე, ისაუბრა კავკასიის რეგიონის რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების პრობლემაზე, შეეხო რუსეთის მოქალაქეთა საქართველოში აქტიურ მიგრაციასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ამასთან ერთად, მომხსენებელმა ისაუბრა ქართულ საზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასა და დეზინფორმაციის მავნებლობაზე.

დისკუსიის პირველი ნაწილი დავით ბრაგვაძის მოხსენებით დასრულდა, სადაც მან ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს მიმდინარე მოვლენების ფონზე, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების შემუშავებისა და განხორციელების მდგრადი ინსტიტუტციური საფუძვლებისა და მექანიზმების ნაკლებობა, ისევე როგორც კომპეტენციის ნაკლებობა პროცესში ჩართულ პირებს შორის. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელდა ერთიანობის ნაკლებობაც ქართველ ხალხს შორის, რაც ისევ და ისევ გამოწვეულია პოლიტიკური პოლარიზებით ქვეყნის შიგნით. ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ სწორედ ერთიანობაა ის, რამაც უკრაინელ ხალხს მყარად დგომისა და გამძლეობის საშუალება მისცა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მიუხედავად ომის დასრულების სცენარისა, საქართველო კიდევ დიდხანს დარჩება რუსეთის ნომერ პირველი სამიზნე და რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის შესაბამისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმოება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

 

პანელური დისკუსიის მეორე ნაწილს კითხვა-პასუხის რეჟიმი წარმოადგენდა, სადაც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მომხსენებლებისგან ინფორმაციული პასუხები მიიღეს. რამდენიმე მათგანმა, ასევე, გამოთქვა საკუთარი მოსაზრება როგორც მიმდინარე დისკუსიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. იბსუს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის, ინგლისურენოვანი სექტორის მეორე კურსის სტუდენტმა, მარი იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ დისკუსიაზე გაჟღერდა მრავალი მისთვის საინტერესო დეტალი და ბევრი რამის აღქმა შეძლო ახალი პერსპექტივიდან. მისთვის განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა ახალ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებული პროგნოზები და გამოწვევები. რუსეთ-უკრაინის ომის მნიშვნელობაზე გვესაუბრა ამავე პროგრამის სტუდენტი, გიორგი გიორგაძე. მისი თქმით, უკრაინისა და საქართველოს მდგომარეობებს შორის მკაფიო პარალელია, რაც რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ დამატებით მნიშვნელობას სძენს საქართველოსთვის. გიორგის მოსაზრებით, დასავლეთის რეაგირება უკრაინის დასახმარებლად, პირდაპირი ინდიკატორია იმისა, თუ რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი კიდევ ერთხელ მომართავს ჩვენკენ აგრესიას.

საინტერესო მოსაზრებები დააფიქსირეს საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისური სექტორის მესამე კურსის სტუდენტებმაც. საბა ვეფხვაძემ დიკუსია შემდეგნაირად შეაფასა: „ერთ-ერთი, რაც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა, რუსეთის საგარეო პოლიტიკის აღწერა იყო გრძელვადიან პერსპექტივაში. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ოკუპანტი ქვეყნის იმპერიალისტურ ტენდენციებს, რომელთა ფესვების ძებნასაც, რეალურად, საუკუნეების წინ მივყავართ. ამავდროულად, ის კონკრეტული სოციოლოგიური ასპექტები, რომელთა გათვალისწინებითაც სპიკერებმა ძალიან მკაფიოდ და შთამბეჭდავად დაგვიხასიათეს რუსი ხალხი, უდავოდ მნიშვნელოვანია ამჟამინდელ სიტუაციაში, არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზეც კი“. გიგი გახარია კი გვესაუბრა საკუთარ პერსპექტივაზე საერთაშორისო აქტორების როლთან დაკავშირებით: „სცენარის განვითარების საუკეთესო ვარიანტი, რა თქმა უნდა, რუსეთის მარცხი და შესაბამისად უკრაინის გამარჯვებაა. რამდენადაც მარტივია ამის თქმა, იმდენად რთულია მსგავსი შედეგის მიღება. საერთაშორისო აქტორების რაღაც დონეზე ინტერვენცია კი აუცილებელია.

 

თუმცა, ვფიქრობ, კონფლიქტისგან დისტანციის დაჭერა რაღაც დონეზე სწორი გადაწყვეტილებაც კია. რუსეთს ადეკვატურობის ნატამალიც არ შერჩენია და პირდაპირი სამხედრო ჩარევა სწორედ მათ აძლევს ხელს და მგონია, რომ სწორედ ეს მსიცემთ მათ საფუძველს გამოიყენონ ბირთვული იარაღი, რაც შემდეგ ბევრად უარესში გადაიზრდება. მიუხედავად ამისა, დასავლეთის არაპირდაპირი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია უკრაინისთვის“. გიგის მოსაზრების ძირითად შინაარს იზიარებს ელთაჩ ამირხანოვიც: „ჩვენ არ უნდა ვმსჯელობდეთ მხოლოდ საუკეთესო დასასრულზე, არამედ უნდა განვიხილოთ, რომელი დასასრულია ყველაზე რეალური. მე მჯერა, რომ პირველი ნაბიჯი ოპტიმალური დასრულებისკენ არის ჰუმანიტარული დახმარების განხორციელება, ყოველ შემთხვევაში დასავლეთის რეგიონის მხრიდან. ეს შეიძლება იყოს, მინიმუმ, ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც შეიქმნა დიპლომატიური საშუალებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება სამხედრო გზით, ვთქვათ დასავლეთის მიერ ცის დახურვით, მიუხედავად მისი მიზნისა, ეს რუსეთის მხრიდან დასავლურ აგრესიაად ჩაითვლება. თუმცა, დასავლეთი მაქსიმალურად მტკიცე უნდა იყოს ახლა და აანაზღაუროს 2008 და 2014 წლებში გამოჩენილი ლმობიერება.“

შავი ზღვი საერთაშორისო უნივერსიტეტი და იბსუს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს. საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, ქალბატონი ბაია ივანეიშვილი, რომელიც პანელური დისკუსიის მთავარი ორგანიზატორია, იმედოვნებს, რომ უნივერსიტეტი სამომავლოდაც არაერთ ღონისძიებას უმასპინძლებს, რომლებიც სტუდენტებისთვის აქტუალურ და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობას შექმნის.

ავტორი: სოფიკო სალთხუციშვილი