[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-ს პროფესორის, ნიკა ჩიტაძის წიგნი „მსოფლიო პოლიტიკა“ გამოიცა 

06.09.2024

მიმდინარე წლის აგვისტოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინგლისურ ენაზე გამოსცა უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის წიგნი „მსოფლიო პოლიტიკა“.

წიგნის მიზანია გააცნოს ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მსოფლიო პოლიტიკით – მეცნიერები, მკვლევარები, საჯარო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და ა.შ. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ძირითადი პროცესები.

წიგნი დაყოფილია ოთხ მთავარ ნაწილად. პირველი ნაწილი ეძღვნება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიასა და თეორიას და განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მსოფლიო პოლიტიკური სისტემა, მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში არსებული მთავარი თეორიული სკოლები, თანამედროვე პოლიტიკური სამყაროს მთავარი სუბიექტები – სახელმწიფოები და საერთაშორისო სამთავრობათშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, საერთაშორისო მოძრაობები, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის გარდაქმნა, მსოფლიო წესრიგი, ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკური რუკაზე და ა.შ.

კვლევის მეორე ნაწილში განხილული და გაანალიზებულია მსოფლიო პოლიტიკის განვითარების ისეთი ძირითადი ტენდენციები – როგორებიცაა გლობალიზაცია (გლობალიზაციის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო განზომილებები), ინტეგრაცია და დემოკრატიზაცია და ა.შ.

რაც შეეხება მესამე ნაწილს, ძირითადი ყურადღება ეთმობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება განიარაღებას, მასობრივი განადგურების იარაღის არსებობას, შეიარაღებით ვაჭრობას, საერთაშორისო ტერორიზმს, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერდანაშაულს, ჰიბრიდულ ომს, ასევე დემოგრაფიასთან, უკანონო მიგრაციასთან, გარემოს დაბინძურებასთან, “გლობალური ჩრდილოეთსა” და “გლობალურ სამხრეთს” შორის არსებულ დაპირისპირებას და ა.შ. დაკავშირებულ საკითხებს.

წიგნის მეოთხე ორიენტირებულია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის ახალ განზომილებებზე, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო ეკონომიკურ, მორალურ, საერთაშორისო სამართლის და საგანმანათლებლო ასპექტებთან და მათ როლთან მსოფლიო პოლიტიკაში.  წიგნის ამავე ნაწილში ასევე განხილულია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკასთან და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, დიპლომატიის როლი მსოფლიო პოლიტიკაში, ასევე გლობალური მართვის ძირითადი ასპექტები.