[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

„არასამთავრობო სექტორის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ – ეკა გიგაურის საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

16 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის საჯარო ლექცია თემაზე „არასამთავრობო სექტორის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

ლექციის ფარგლებში ქ-ნმა ეკამ ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების სახეებზე, საქმიანობის სპეციფიკაზე საქართველოში, იმ სირთულეებზე, რომლებსაც ორგანიზაციები აწყდებიან აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მოქალაქეებთან ურთიერთობებისას.  მან ასევე ისაუბრა კონკრეტულად მისი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოცდილებაზე სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური კამპანიების წარმოებისას. სტუდენტებთან საუბრისას სტუმარი შეეხო არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებს, მათ ეფექტიანობას სხვადასხვა პოლიტიკური მმართველობების პირობებში, კონკრეტულ ქეისებს, რომლებზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მუშაობდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში ქ-ნი ეკა შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ილიას ჩილოღლუს.

აღნიშნული ლექცია გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში. სამი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ. პროექტის ბოლოს წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ასევე მათთვის განხორციელდება პროფესიული ვიზიტი შესაბამის საჯარო დაწესებულებაში.