2 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას საჯარო ლექცია თემაზე “საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები”.
ლექციის ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესის, კერძოდ, პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სპეციფიკაზე, გააკეთა შედარებითი ანალიზი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმოების თავისებურებების შესახებ, მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოკლე მიმოხილვის გზით ახსნა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და მათი განხორციელების კონკრეტული მექანიზმები. ბატონმა დავითმა სტუდენტებთან ისაუბრა დიპლომატიური მისიების რაობის, ფუნქციებისა და ძირითადი მოვალეობების შესახებ. ლექციის ფარგლებში მიმოხილული იყო, აგრეთვე, საქართველოს საგარეო ურთიერთობების ისეთი მიმართულებები, როგორიცაა არაღიარების პოლიტიკა, ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, თანამშრომლობა რეგიონულ ორგანიზაციებთან, კულტურის დიპლომატია და სხვა.
აღნიშნული შეხვედრით გაიხსნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტი “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“. პროექტის ფარგლებში სამი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ. პროექტის ბოლოს წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ასევე მათთვის განხორციელდება პროფესიული ვიზიტი შესაბამის საჯარო დაწესებულებაში.