IBSU-მ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული პლატფორმის საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლა
28.10.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული პლატფორმის (SEEP) საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლა.
SEEP-ის შეხვედრის გახსნის ღონისძიებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული 70-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.
მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი ევია კოტანი, პოლიტიკური განყოფილების მოადგილე, საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარია თეოდორუ, IBSU-ს რექტორი საფეთ ბაირაქთუთანი, GAU-ს პრეზიდენტი მაიკლ კაუგილი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
SEEP-ის შეხვედრა ESN-ის ყოველწლიური ინიციატივაა, რომელსაც ორგანიზება ESN Georgia-მ გაუწია. შეხვედრის ეროვნული წარმომადგენელი იყო IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი თამთა ჩხენკელი.
შეხვედრის ორგანიზებაში 25 ქართველი ახალგაზრდა ჩაერთო. ინიციატივა სტუდენტებს ერთმანეთის გაცნობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას აძლევს. ღონისძიება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ISU) და თბილისის მერიის მხარდაჭერით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა.
ამ მასშტაბის ღონისძიება ESN-ის წევრ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში პირველია. ESN (Erasmus Student Network) ევროპის უდიდესი სტუდენტურ-მოხალისეობრივი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ქვეყნის 15 000-ზე მეტ მოხალისეს აერთიანებს პრინციპით “სტუდენტები ეხმარებიან სტუდენტებს.”