19-20 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები. გამოვლინდა ნაკრების 4 წევრი, რომლებიც ინტენსიური მზადების შემდეგ გაემგზავრებიან ინფორმატიკის 30-ე მსოფლიო ოლიმპიადაზე (იაპონია, ქ. ცუკუბა,1-8 სექტემბერი). გამოვლინდა ასევე ნაკრების ოთხი რეზერვისტი, რომლებიც გუნდთან ერთად გაივლიან მზადებას თბილიში 8-30 ივნისს. დასკვნითი ერთკვირიანი შეკრება გაიმართება ბაკურიანში მხოლოდ ნაკრების 4 წევრისათვის უშუალოდ გამგზავრების წინ, 20-27 აგვისტოს. ყველა ამ ღონისძიებას აფინანსებს და ორგანიზებას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვულოცავ ნაკრების წევრებს დაძაბულ პაექრობაში გამარჯვებას და იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ოლიმპიადიდან ტრადიციულად კარგი შედეგებით დავბრუნდებით, მანამდე კი, შესაძლებელია ნაკრებმა ასევე მონაწილეობა მიიღოს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადაში, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს თვეში პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება.
დაწვრილებითი ინფორმაცია შესარჩევი ტურების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე: geoi.ge