[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

გაცვლითი სტუდენტები

სამართლის ფაკულტეტი

თათა ჩხიკვაძე – გაცვლითი პროგრამის შესახებ

ჩემი განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიიპყრო აბიტურიენტობისას, როდესაც არჩევანის გაკეთება მიწევდა, თუ სად მივიღებდი იურიდიულ განათლებას.  სულ თავიდან რომ მოვყვეთ, სკოლას ოქროს მედალზე ვამთავრებდი და მეგონა, რომ მის გამოყენებას ვერსად შევძლებდი, თუმცა აქ მე სკოლაში მიღწეული წარმატებებიც დამიფასდა და დღეს სრული დაფინანსებით ვსწავლობ იბსუში.

ყოველთვის მინდოდა უცხო ქვეყანაში მიმეღო განათლება, რადგან მაინტერესებდა, რამდენად რთული იქნებოდა და გამიჭირდებოდა თუ არა მისი დაძლევა. მე-4 კურსის 1-ლ სემესტრში მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში მივიღე, კერძოდ პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში, რომელიც ევროპაში  განათლების ხარისხის დონით მოწინავე ადგილზეა. მე გიამბობთ ჩემი პოლონური ცხოვრების შესახებ და ნახავთ, იბსუსთან ლოძის უნივერსიტეტს რამდენი საერთო აქვს, რაც მაძლევს საშუალებას, რომ ვთქვა – იბსუ უკონკურენტოა.

ყველაფერი მე-3 კურსზე დაიწყო, როცა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის განაცხადი შევავსე, შემდეგ ინგლისური ენის ზეპირი და წერილობითი გამოცდა ჩავაბარე და ბოლოს ლოძის უნივერდიტეტის წარმომადგენლებთან ინტერნეტ გასაუბრება გავიარე. რამდენიმე დღეში კი შემატყობინეს, რომ მიმიღეს. აქედან დაიწყო ჩემი წარმატების სიხარული. ვთვლი, რომ ეს უდიდესი გამოცდილება იყო, რაც კი ჩემს ასაკში შემეძლო მიმეღო. ეს იყო დამოუკიდებლობის ერთი სემესტრი, სადაც უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. მართალია, ასე შორს ყოფნა ძალიან გამიჭირდა, თუმცა დღეს ბედნიერი ვარ, რომ არ გავუშვი ხელიდან ბაკალავრის პერიოდის ბოლო შანსი, განათლება საზღვარგარეთ მიმეღო.

პოლონური თვეები ძალიან მაგარი გამოწვევა იყო. უცხოური სისტემით განათლების მიღება, ახალი გარემო, ახალი მეგობრები, უცხო კულტურები, ევროპული ტურები მოწინავე ქვეყნებში…

არ შემიძლია, არ აღვნიშნო სწავლის სისტემა, სადაც ლექციები და სემინარები ერთროულად მიმდინარეობდა. ლექტორი არ იყო ორიენტირებული მხოლოდ თეორიული, ჩარჩოში ჩასმული ცოდნა მოეცა, რაც მუშაობის პროცესში მეტ თავისუფლებას გვაძლევდა. ასევე გამოვარჩევ ჩემს ერთ-ერთ ლექტორს, რომელიც პოლონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახლდათ. კურსის დასასრულს მადლობა გადამიხადა იმისათვის, რომ აქტიური და მომზადებული სტუდენტი ვიყავი მთელი სემესტრის განმავლობაში, რაც  ჩემთვის უდიდესი სიხარული და სტიმული იყო, სტიმული იმისა, რომ მე თუ ასე გავაგრძელებ, ჩემი შრომა ყოველთვის დაფასდება.

ლოძის უნივერსიტეტში მონაწილეობა მივიღე პირველ  კონფერენციაში პოლონეთსა და ჩინეთს შორის, რომელიც ეხებოდა საჯარო ფინანსების, ეკონომიკისა და გადასახადების არსებულ განვითარებებს. ზემოაღნიშნული ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და დასმული შეკითხვებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე და მომეცა საშუალება შემედარებინა ჩვენი ქვეყნის საგადასახადო და ეკონომიკის სამართლებრივ რეგულირებას.

გამოვარჩევდი კიდევ ერთ საინტერესო შეხვედრას Mr. Bryan Schilling-თან, რომელიც ინტერნეტ კორპორაციის დირექტორი(ICANN) და FBI-ს ყოფილი ადვოკატია.

საბოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ იბსუ  საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობაა. იბსუმ მომცა შანსი მიმეღო უმაღლესი განათლება პოლონეთსა და საქართველოში. წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ და მადლობელი ვარ იმ 4 საუკეთესო და დაუვიწყარი წლისათვის, რომელიც იბსუსთან ერთად გავატარე.

მარიამ ფილიშვილი გაცვლითი პროგრამის შესახებ

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომლის პრიორიტეტულობაზე, სიძლიერეზე, განათლების მაღალი დონისა და მასში არსებულ შთამბეჭდავ  გარემო ფაქტორებზე არ გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან აღნიშნული ისედაც ტრუიზმია. სწორედ ამ კრიტერიუმებმა განაპირობა ჩემ მიერ ამ კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევა, გარდა ამისა, იმ შიდა გრანტებმა, რომელიც გაიცემა ოქროს მედალოსანი სტუდენტებისათვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მომცა უნიკალური შესაძლებლობა 1 სემესტრის განმავლობაში (2018 წლის ზამთრის სემესტრი) მიმეღო განათლება პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში, ამასთანავე განვვითარებულიყავი როგორც პიროვნული, აგრეთვე პროფესიული თვალსაზრისით; მიმეღო და გადამელახა ის გამოწვევები, რაც თან სდევს უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მე არ მქონია კულტურული შოკი საზღვარგარეთ ცხოვრების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ამას იმ ფაქტორმაც შეუწყო ხელი, რომ მარტივი არის ინტეგრირება როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, მათი მეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აგრეთვე იმ სოციუმთან მიმართებითაც, რომელმაც მიგვიღო და შეგვიყვარა.

ლოძის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტები, სწავლების მაღალი დონე და სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი თუ გარემო. ჩვენ არც ერთი ლექცია არ გვქონია მონოლოგის რეჟიმში, არამედ თითოეული აკადემიური საათი იყო ინტერაქციული, რაც გვიღრმავებდა პრაქტიკულ გამოცდილებას. საკმაოდ აქტიური სემესტრი მქონდა, შევხვდი ჩინელ დელეგატებს პირველ პოლონურ-ჩინურ კონფერენციაზე, სადაც ვიღებდი მონაწილეობას და რომელმაც საკმაოდ დიდი ცოდნა მომცა ევროპის ეკონომიკის სამართალთან დაკავშირებით. აგრეთვე გვქონდა საინტერესო შეხვედრა FBI-ს ყოფილ ადვოკატ Mr. Bryan Schilling-თან და სხვა უამრავი საჯარო ლექცია, თუ აქტივობა.

მომეცა შანსი დამეთვალიერებინა, გამეცნო და შემესწავლა ევროპის წამყვანი ქვეყნების კულტურა. გამოვარჩევდი გერმანიას, რომლის სამოქალაქო კოდექსის გადმომღერებაც გვაქვს ფაქტობრივად დღეს ჩვენს კანონმდებლობაში, კერძო სამართალში; ამრიგად იმ წესების, რეგულაციების, სამართლებრივი ინსტიტუტების, ხალხის მიერ სამართლისა და კანონისადმი დამოკიდებულების აღქმისა და შეფასების შესაძლებლობა მომეცა რეალურად არსებულ გარემოებებში. ვიმოგზაურე 5 ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა ჩემი ენობრივი კომპეტენციები, გამხადა უფრო კომუნიკაბელური, მასწავლა ისეთი პრობლემებისა და სირთულეთა გადაჭრა/აღმოფხვრა, როგორიცაა დამოუკიდებლად მოგზაურობა უცხო ქვეყანაში, საკუთარი სუსტი თუ ძლიერი მხარეების აღმოჩენა, კომუნიკაცია და ინტეგრაცია.

ამ ერთი სემესტრის განმავლობაში გამოცდილებისა და განათლების მიღებასთან ერთად შევიძინე სიმდიდრე, რომელსაც მეგობრები ჰქვია როგორც უცხოელი, აგრეთვე მშობლიური ქვეყნიდან. გაცვლითი პროგრამა პოლონეთში არ მახსენებს არანაირ ანქსიოგენურ შემთხვევებს, პირიქით ეს იყო საკმაოდ აქტიური, საინტერესო თავგადასავლებით აღსავსე პერიოდი, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს ცნობიერებაში.

რუსუდან შაშიკაძე – გაცვლითი პროგრამის შესახებ

ცხოვრებაში მრავალი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. ამ გადაწყვეტილებებიდან კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებას უკავშირდება. რთულია არჩევანის გაკეთება, როდესაც ამდენ განსხვავებულ უმაღლეს სასწავლებელს ხედავ, თუმცა მე ამ ნაბიჯის გადადგმა არ გამჭირვებია, რადგან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს ყოველივე ის, რაც სტუდენტს თავისი წარმატებული კარიერის ასაშენებლად სჭირდება.

პირველივე კურსის, პირველივე დღიდან ვიგრძენი  მაღალი სწავლების ხარისხი, რაც გამოიხატებოდა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდინის მიღებაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ყოველთვის სთავაზობს სტუდენტს მრავალფეროვან აქტივობებს, და მეც სწავლის დაწყების მომენტიდან ყოველთვის ვცდილობდი რომ გამომეყენებინა ეს შესაძლებლობები და მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა სტაჟირებებსა თუ ღონისძიებებში.

მეოთხე კურსის პირველ სემესტრში კი გადავწყვიტე მესარგებლა საუკეთესო შესაძლებლობით, რასაც ჩვენი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი გვთავაზობდა და ერთი სასწავლო სემესტრით მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში და სწავლა გამეგრძელებინა პოლონეთში, კერძოდ ლოძის უნივერსიტეტში. ჩემთვის, როგორც საერთაშორისო სამართლით, კერძოდ კი ევროკავშირის სამართლით დაინტერესბული სტუდენტისთვის ეს უდიდესი შესაძლებლობა იყო, რომ უკვე მიღებული ცოდნა  გამეღრმავებინა სამართლის ამ დარგში.

რა თქმა უნდა, როცა ამ ნაბიჯს დგამ,ძნელია იმის წარმოდგენა თუ რა შეიძლება გელოდოს. თავდაპირველად არსებობს ბევრი გაუგებრობა, დაბნეულობა და გაურკვევლობა, თუმცა რახან ჩემთვის არ იყო ახალი მულტიკულტურული გარემო და არც ინგლისურენოვანი სწავლება, ამიტომ  ეს მცირედი პრობლემები მალევე მოგვარდა. მთელი სემესტრი შრომატევადი იყო, ლექციები ძირითადად ინტერაქტიულ რეჟიმში იმართებოდა, სადაც ჩვენ თავისუფლად ვაფიქსირებდით საკუთარ აზრს და ამასთანავე ვიღებდით დიდ თეორიულ ცოდნას. გარდა ჩვენ მიერ არჩეული სალექციო კურსებისა, იმართებოდა საერთაშორისო კონფერენციები სამართალსა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი კარები ყოველთის ღია იყო. ყოველივე ამასთან ერთად, არ შეიძლება ყურადღების მიღმა დამრჩეს უნივერსიტეტის მაღალი სოციალური აქტივობა. ჩვენ, იქ ყოფნის თითქმის ყოველ კვირას შესაძლებლობა გვქონდა უნივერსიტეტისგან, რომ უფრო ახლოს გაგვეცნო ქალაქი, მათი ისტორია და ტრადიციები.

ახლოს გაგვეცნო ქალაქის მუზეუმები, ისოტრიული სასახლეები, ღირსშესანიშნავი ადგილები და სხვა.

საქართველოში დაბრუნებულმა მივხვდი, რომ  დავბრუნდი უფრო გაზრდილი, როგორც პიროვნულად ასევე პროფესიულად, უფრო თავდაჯერებული, უფრო გამოცდილი და მოტივირებული რომ მივაღწიო მეტს ჩემს კარიერასა თუ ცხოვრებაში.  რისთვისაც მინდა  მადლობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და სამართლის ფაკულტეტს გადავუხადო,  რადგან მისი ხელშეწყობის გარეშე ამ გამცდილების მიღება ჩემთის შეუძლებელი იქნებოდა.

 

ქრისტინე უბილავა – გაცვლითი პროგრამის შესახებ

2018 წელს მომეცა შესაძლებლობა ამეხდინა ჩემი ერთ-ერთი დიდი ოცნება, რასაც საზღვარგარეთ განათლების მიღება ერქვა, და სწავლების ნახევარი სემესტრი გამეტარებინა პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში, სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ლოძის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო და პრესტიჟული უნივერსიტეტი პოლონეთში. სწავლა საერთაშორისო გარემოში მიმდინარეობს, უმაღლესი დონის პროფესიონალებისა და ინოვაციური მეთოდების წყლობით კი განათლების მიღება ევროპული სტანდარტის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ჩემს ცხოვრებისეულ მიზანს სკოლის პერიოდიდანვე წარმოადგენდა ევროპული განათლების მიღება, ვინაიდან მჯერა იმის, რომ ახალგაზრდებმა კარიერაზე ზრუნვა უშუალოდ სწავლის პირველივე ეტაპებიდან უნდა დაიწყონ და ყველანაირი შესაძლებლობა გამოიყენონ დასახული მიზნის მისაღწევად. თავიდანვე მქონდა გაანალიზებული, რომ კონკურენტუნარიანად ყოფნა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და ამისთვის მომიწევდა გავსცდენოდი საქართველოს ფარგლებს, რადგან დამატებით მიმეღო საერთაშორისო დონის უმაღლესი განათლება. აბიტურიენტობის პერიოდიდანვე ჩემთვის ნათელი იყო ის ფაქტი, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომცემდა ისეთ შესაძლებლობებს, რომელთა ურთიერთშეჯერებითაც მე შევძლებდი მომეხდინა ჩემი მიზნის რეალიზება რეალურად და ეს არ დარჩენილიყო მხოლოდ და მხოლოდ სურვილად. მეორე კურსის მეორე სემეტრში დავიწყე მზადება გაცვლითი პროგრამისთვის. მზადება რამდენიმე ეტაპისგან შესდგებოდა, თითოეულ ეტაპს კი თავისი სირთულე გააჩნდა, რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდი სანამ სასიხარულო ამბავი არ შემატყობინეს, ის, რომ ჩემს ოცნებას სულ მალე ფრთები შეესხმებოდა და მე შევძლებდი ახალი გამოწვევების წინაშე დავმდგარიყავი.

ლოძის უნივერსიტეტში ლექტორები, ფაქტობრივად, ფასილიტატორების როლს ასრულებენ და მაქსიმალურად ცდილობენ ყოველ ლექციას დისკუსიის სახე მისცენ, რაც აქტიური ჩართვისა და საკუთარი აზრის გამოთქმის სტიმულს გვაძლევს.  აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, თუ როგორ დამეხმარა IBSU-ში მიღებული გამოცდილება თავი დამემკვიდრებინა სრულიად უცხო გარემოში. ლექციების პირველივე კვირებიდან შეჩვეული ვიყავი აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას, უბრალოდ არ შემეძლო არ მიმეღო მონაწილეობა სალექციო კურსში.შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლექტორებიც კი გაოცებულნი იყვნენ ქართველი ბავშვების ამგვარი აქტიურობით,  მახსოვს ერთ-ერთი ზეპირი გამოცდის შემდგომ ბატონმა Jacek Chlebny-იმ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახლავთ პოლონეთში, ხელი ჩამომართვა და მადლობა გადამიხადა მის სალექციო კურსში აქტიური ჩართულობისთვის.მონაწილეობა მივიღე არაერთ კონფერენციაში, ტრენინგში, საჯარო ლექციებში, რომელშიც მიღებული გამოცდილებით შევძლებ დასახული სხვა მიზნების რეალიზებას.

დღევანდელი გადმოსახედიდან, გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის დრო მომცემს შესაძლებლობებს თავი დავიმკვიდრო შრომით ბაზარზე, როგორც დამოუკიდებელმა, კონკურენტუნარიანმა, შრომისმოყვარე და კომუნიკაბელურმა პიროვნებამ.