ზოგადი წინამძღვრები
სამართლის ფაკულტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე უზრუნველყოფს სამართლის დარგში ხარისხიანი განათლების მიღებას. ფაკულტეტზე დასაქმებული აკადემიური პერსონალი და მოწვეული სპეციალისტები მაღალკვალიფიციური, აღიარებული პროფესიონალები არიან და მათი საქმიანობა სწავლებასთან ერთად, სამეცნიერო–კვლევით კომპონენტსაც მოიცავს. ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებთან, სამთავრობო და კერძო სექტორთან სამართლის ყველა მიმართულებით, რაც ცოდნის აკუმულირების დამატებით საუკეთესო საშუალებად გვევლინება ემპირიული კვლევისათვის.
ამასთან, ფაკულტეტის სტუდენტები ჩართულნი არიან პრაქტიკულ საქმიანობაში პარტნიორ დაწესებულებებთან იდივიდუალურად თუ საუნივესიტეტო დონეზე გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებების საფუძველზე.
ეს ყოველივე ქმნის სამეცნიერო აზრის დაგროვების, შემდგომი კვლევისა და ყველა მიმართულებებით მისი გაღრმავებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს. კვლევითი საქმიანობის შედეგების ასახვა და მათი საჯაროდ გამოტანა სამეცნიერო საქმიანობის უცილობელი შედეგი უნდა იყოს და ამისათვის ფაკულტეტი იწყებს პერიოდულ გამოცემას. იგეგმება სამართლის დარგში შეუზღუდავი თემატური მიმართულების ჟურნალის დაფუძნება.
ძირითადი ორიენტირები
ქართული სამართლის განვითარება მეტად დინამიური პროცესია, რომელიც მხოლოდ ვიწრო ეროვნულ ჩარჩოებში ვერ მოთავსდება. ქვეყნის ევროპული ორიენტაცია და ევროპულ კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, ადგილობრივი სამართლებრივი სივრცის განვითარება ჰარმონიზებული და უნიფიცირებული სამართლის ბაზაზე უნდა განხორციელდეს. ეს კი, უპირველესად ევროპული სამართლის კვლევის, პრაქტიკის ანალიზისა და ქართულ რეალობასთან ადაპტაციის გარეშე შეუძლებელი იქნება. სწორედ ამ პროცესში თავისი გამორჩეული წვლილის შეტანას ემსახურება სამეცნიერო ფორუმის შექმნის იდეა
ევროპული ორიენტაცია არ გამორიცხავს სხვა სამართლებრივი კულტურების პოზიტიური გამოცდილების გათვალისიწინებას და ის კვლევები, რომლებიც მოქმედი სამართლის სისტემის განვითარებისათვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს, დაბრკოლების გარეშე გამოქვეყნდება.
მოქმედი ეროვნული სისტემის ირგვლივ კვლევების განხორციელება პრიოპიტეტულად განიხილება ჟურნალისათვის, რაც, უპირატესად, შედარებითსამართლებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით უნდა განხორციელდეს. მიუხედავად ამისა, ჟურნალში სათანადო ადგილი დაეთმობა სამართლის ისტორიასა და ფილოსოფიაში, ასევე სხვა მომიჯნავე დისციპლინებთან კომბინირებით შესრულებული ნაშრომებს.
მკვლევართა წრე
პირთა წრე, რომელთა ნაშრომებსაც გამოაქვეყნებს ჟურნალი, შეზღუდული არ არის. მისაღებია როგორც სამეცნიერო წრეების გამოცდილი მოღვაწეების, ისე დამწყებ მეცნიერთა ნაშრომები. გამორჩეულად წახალისდება სტუდენტთა წვლილი კვლევებსა და მათი შედეგების განზოგადების თვალსაზრისით. მეტიც, როგორც აღინიშნა, მივესალმებით კვლევებს ინტერდისციპლინური მეთოდოლოგიით.
შზსუ–ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ჩართული იქნებიან პროექტში – „ქართული სასამართლო პრაქტიკის კვლევა“, რომლის შედეგები წარმოდგენილი იქნება ჟურნალის სპეციალურ რუბრიკაში. პროექტს უხელმძღვანელებენ სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული, მოქმედი პრაქტიკოსები.
პერიოდულობა, რეფერირება, ფორმატი
ჟურნალი გამოიცემა მინიმუმ, წელიწადში ერთხელ. წარმოდგენილი მასალის მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლებელია სპეციალური გამოცემების გამოშვება, რომლებიც დაეთმობა სამართლის რომელიმე ქვედარგს ან ავტორთა განსაზღვრულ კატეგორიას, განსაკუთრებით კი სტუდენტურ ფორუმებს.
გამოსაქვეყნებელი მასალა გაივლის რეფერირებას ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან. გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია. იგი დაკომპლექტებული იქნება როგორც შსზუ–ის აკადემიური პერსონალით, ისე დარგის გამორჩეული სპეციალისტებისგან.
გამოცემა მომზადდება ორ: ქართულ და ინგლისურ ენებზე. ავტორებს მოეთხოვებათ ორიგინალისაგან გასხვავებულ შესაბამის ენაზე თარგამნის წარმოდგენა. ჟურნალი გამოვა ბეჭდური ფორმით და მისი ელექტრონული ვერსია გავრცელდება შსზუ–ის სამართლის ფაკულტეტის ვებ–გვერდის მეშვეობით.
ჟურნალი მოიცავს შემდეგ რუბრიკებს:
სამეცნიერო სტატიები
პრაქტიკოს იურისტთა ფორუმი
სტუდენტური ფორუმი
გამორჩეული სამეცნიერო ნაშრომების თარგმანები
სასამართლო პრაქტიკის ანალიზი
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეები
მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციები