[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-ს პროფესორებმა რუსთაველის ფონდის სამეცნიერო გრანტი მოიპოვეს

02.02.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტმა „საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა, საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები” რუსთაველის ფონდის სამეცნიერო გრანტი მოიპოვა.

პროექტში, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ბაზაზე შეიქმნა, ჩართული არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევარები: ეკა ავალიანი, თამთა ცხოვრებაძე, დავით ბრაგვაძე, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ ბრაგვაძე, და სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯუსტო ტრაინა. პროექტი გათვლილია სამი წლის აქტივობებზე.

წარმოდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი საქართველოს იმპერიული კვლევების გლობალური ისტორიის ჭრილში გააზრების პირველი ცდაა. პროექტის თემატურ აქტუალობას განსაზღვრავს არა მხოლოდ იმპერიული ცენტრიდან აღქმული პერიფერიის როლი, არამედ პერიფერიიდან გააზრებული იმპერიალისტური ურთიერთობები – მზერა რეგიონებიდან ცენტრისკენ.

პროექტი მიზნად ისახავს: იმპერიებთან და გლობალურ სახელმწიფოებთან საქართველოს ინტეგრაციების პროცესების ანალიზს წინაკაპიტალისტურ და კაპიტალისტურ ეპოქებში, საერთაშორისო გლობალურ პოლიტიკურ ქსელებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესების და მისი შედეგების შესწავლას, ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ-სოციალური
და კულტურული ორიენტირების გაშუქებას.

პროექტი ფოკუსირდება სხვადასხვა იმპერიასა და საქართველოს სახელმწიფოებს/საზოგადოებას შორის იმპერიალისტურ ურთიერთობებზე, გვიანანტიკურ, ადრეულ შუა საუკუნეებისა
და თანამედროვე პერიოდებში. გვიანანტიკურ, ადრეულ შუა საუკუნეების და თანამედროვე ეპოქებში ქვეყანა ახორციელებს ბიპოლარული კურსს, ავითარებს კოლაბორაციულ პოლიტიკას სხვადასხვა გლობალურ სახელმწიფოებთან.

მოცემულ რაკურსში საქართველოს სახელმწიფოს და სოციუმის შესწავლა საინტერესოა სამმხრივი პერსპექტივით – პირველი, იმპერიული ინტერესები და გავლენები, მეორე, საქართველოს რეაქცია, მისი გახსნილობა, თანამშრომლობის და დაქვემდებარების ხარისხი; მესამე საკითხი უკავშირდება საქართველოს სახელმწიფოს ფორმირებას და, ამავდროულად, მის ჩართულობას გლობალურ პროცესებში სხვადასხვა კუთხით. თემატურ და პრობლემურ კვლევებზე დაფუძნებული კვლევები წარმოაჩენს რეგიონულ და ლოკალურ დონეზე არსებულ წინარე და თანამედროვე გლობალიზაციის ნიმუშებს, თვალსაწიერს აფართოვებს იმპერიული გრძელვადიანი კავშირების და გავლენების ისტორიულ გაგებაში. აღნიშნული სამეცნიერო თემატიკა განსაზღვრავს კვლევების ხასიათს-ინტერდისციპლინარულ, ტრანსდისციპლინურ და კულტურათაშორისს კვლევებს.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში განხორციელდება მონოგრაფიის გამოცემა, სტატიების მომზადება და პუბლიკაცია, მასალების შექმნა სამაგისტრო კურსებისა და პროგრამისათვის და საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა.

პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში უცხოელი მკვლევრების მასპინძლობას საქართველოში პერსპექტიული ერთობლივი კვლევითი საქმიანობის წარმოების მიზნით.