[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

აკადემიური კონკურსი

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სწავლის შემდეგ სფეროებში:

ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები

  • პროფესორი – 1 ვაკანსია უვადოდ* (სწავლების ენა – ქართული/ინგლისური)
  • პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით* (სწავლების ენა – ქართული/ინგლისური)
  • პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით* (სწავლების ენა – ქართული)
  • პროფესორი – 2 ვაკანსია 5 წლის ვადით (სწავლების ენა – ქართული/ინგლისური)
  • პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით (სწავლების ენა – ქართული)
  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია 5 წლის ვადით* (სწავლების ენა – ქართული/ინგლისური)
  • ასისტენტი – 1 ვაკანსია 3 წლის ვადით (სწავლების ენა – ქართული/ინგლისური)

არქიტექტურა  (სწავლების ენა – ინგლისური)

  • ასისტენტი – 1 ვაკანსია 3 წლის ვადით 

სისხლის სამართალი  (სწავლების ენა – ქართული)

  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით*

საერთაშორისო ურთიერთობები (სწავლების ენა – ქართული, ინგლისური)

  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით*

* მოცემული ვაკანსიებისათვის კონკურსის სავალდებულო პირობაა გამარჯვებულმა კანდიდატმა გააფორმოს აფილირების შეთანხმება უნივერსიტეტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესორის აკადემიური პოზიციის დასაკავებლად:

  1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში;
  2. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
  3. სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებულ პროფესორად/პროფესორად მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  4. სწავლების შესაბამისი ენ(ებ)ის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  5. აკადემიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 200 ქულა; მოთხოვნილი ქულების სულ მცირე 100 ქულა უნდა მოგროვდეს სამეცნიერო საქმიანობის ხარჯზე (1-6, 9 კატეგორიებიდან));

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, სავალდებულო ქულების დაგროვების გარდა, აუცილებელია ქვემოთ ჩამოთვლილი პირველი კომპონენტიდან სულ მცირე ნებისმიერი ორი პუნქტის შესრულება ან მეორე კომპონენტის შესრულება:

  1. კომპონენტი:
    • საერთაშორისო ციტირების ინდექსის მქონე ჟურნალში სულ მცირე 1 სტატიის გამოქვეყნება (ნაბეჭდი ან ელექტრონული);
    • გამოცემული წიგნის (მისი მეცნიერული ღირებულების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო გამომცემლობის ან უნივერსიტეტის მიერ) ავტორობა (წიგნის მოცულობა არის მინიმუმ 100 გვერდი და არ არის დაფუძნებული დისერტაციაზე);
    • საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი/საგანმანათლებლო პროექტის ხელმძღვანელობა;
    • საზღვარგარეთის ავტორიზებულ (მასთან გაიგივებულ) უმაღლეს საგანმანათლებლო/კვლევით დაწესებულებაში სასწავლო ან/და კვლევითი გამოცდილება;
    • დაცული სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელობა;
    • ციტირების ინდექსის (h-ინდექსი) არანაკლებ 3 მაჩვენებელი;
    • საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდო/პატენტი.
  1. კომპონენტი – მიმართულების შესაბამისი განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები, რომლებიც ფასდება კომისიის მიერ.

უვადოდ პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ მოყვანილ დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგ. აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ ან საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში/კონფერენციებში ან სხვა);

საკონკურსო კომისია აფასებს პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის განსაზღვრული მე-2 კომპონენტის და/ან უვადოდ პროფესორის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებული პროფესიული მიღწევების ან/და სამეცნიერო მიღწევების არსებობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ასოცირებული პროფესორის აკადემიური პოზიციის დასაკავებლად:

  1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში;
  2. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  3. სწავლების შესაბამისი ენ(ებ)ის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  4. აკადემიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 100 ქულა; მოთხოვნილი ქულების სულ მცირე 50 ქულა უნდა მოგროვდეს სამეცნიერო საქმიანობის ხარჯზე).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ასისტენტის აკადემიური პოზიციის დასაკავებლად:

  1. დოქტორანტის სტატუსი;
  2. სწავლების შესაბამისი ენ(ებ)ის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  3. აკადემიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 20 ქულა; მოთხოვნილი ქულების სულ მცირე 10 ქულა უნდა მოგროვდეს სამეცნიერო საქმიანობის ხარჯზე).

შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ბ) პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

გ) პროფესიული ნიშნით ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში, უნდა იყოს სხვა მიმართულების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.

პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია დასტურდება შემდეგი კრიტერიუმებით:

დ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება ასისტენტისთვის სულ მცირე 3 (სამი) წელი, ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე 7 (შვიდი) წელი და პროფესორისათვის სულ მცირე 10 (ათი) წელი;

ე) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება;

ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ მცირე 1 წლიანი სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;

ზ)  სწავლების შესაბამისი ენ(ებ)ის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

გთხოვთ გაითვალისწინეთ

  • დ) და ე) პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმები ალტერნატიულია. კანდიდატის მხრიდან ერთ ერთი მათგანის დაკმაყოფილება საკმარისია, ხოლო ვ) და ზ) პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმის დაკმაყოფილება სავალდებულოა დ) ან ე) პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან ერთობლიობაში.
  • თუ კანდიდატის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავება მოხდა სამეცნიერო ნაშრომების გარეშე, წინამდებარე წესის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში აკადემიური პერსონალი ვალდებულია გამოაქვეყნოს დარგთან დაკავშირებული სულ მცირე 1 (ერთი) პუბლიკაცია.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით):

  1. განცხადება;
  2. საინფორმაციო ფორმა – R19F18;
  3. პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  4. ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  5. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  6. CV ქართულ და ინგლისურ ენაზე არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითებით;
  7. აკადემიური საქმიანობის ანგარიში (R36I1F1) (არ ვრცელდება პროფესიული ნიშნით აკადემიური პოზიციის დაკავების შემთხვევაში);
  8. დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  9. სილაბუსი: ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე) ან ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე). კანდიდატმა კონკურსისთვის შესაძლებელია წარმოადგინოს არა შზსუ-ს ფორმატში შესრულებული სილაბუსიც;
  10. ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შზსუ-ის გარდა) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია;
  11. ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
  12. უცხო პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  13. პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ნიშნით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში);
  14. ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

შერჩეულმა კანდიდატებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:

  1. ნასამართლეობის ცნობა (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის) და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის განხორციელების უფლების ცნობა (გარდა შზსუ-ს თანამშრომლებისა);
  2. 2 ფერადი ფოტო-სურათი (3X4) – ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია (CD დისკზე/ელ-ფოსტაზე).
  3. ანგარიშის ნომერი სს ,,თიბისი” ბანკიდან;
  4. წარმოდგენილი ელექტრონული დოკუმენტების ბეჭდური/ორიგინალი ვერსიები.

კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 10 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიის სამსახურში.

საკონტაქტო ტელეფონი: +99532 2595005 (131/132)

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

ელ ფოსტა: hr@ibsu.edu.ge.

ელექტრონული ფოსტით განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და მიმართულება.

თანდართული დოკუმენტები: