[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-ში გამოიცა წიგნი ,,საგნების ინტერნეტი (IoT)”

13.03.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და დაფინანსებით გამოიცა საგნების ინტერნეტის (IoT) სფეროში, პირველი პრაქტიკული ხასიათის ნაშრომი ქართულ ენაზე  – საგნების ინტერნეტი (IoT) მარტივად და გასაგებად. წიგნის ავტორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი, თეა თოდუა და შპს სერვის პლაზას სერვის ინჟინერი ზაზა ტაბატაძე.

წარმოდგენილი ნაშრომი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტექნოლოგიას – საგნების ინტერნეტს ეხება, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა და ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს კიდეც, რომ ფანტასტიკის სფეროდანაა. თუმცა, ეს ყველაფერი დღეს რეალობაა და აქტიურად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში.  სწორედ ამის გამო განსაკუთრებით აქტუალური და დროულია აღნიშნულ სფეროში პრაქტიკული ნაშრომის გამოცემა.

წიგნში განხილულია ბევრი საინტერესო პროექტი, მათ შორისაა: IoT-ზე დაფუძნებული კარის საკეტი, საირიგაციო სისტემა, სენსორიდან მიღებული მონაცემების გამოქვეყნება LAMP სერვერზე, GPS-ის გამოყენება სახლთან მიახლოების შემთხვევაში ავტომატიზაციის კონკრეტული ფუნქციების განხორციელების მიზნით და ბევრი სხვა. მასალა დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ, უხვად არის პრაქტიკული მაგალითები, რაც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს ადვილად აითვისოს მასალა და შედეგად შეძლოს სახლის სრული ავტომატიზაციის განხორციელება შედარებით იაფად, NodeMCU დაფის გამოყენებით.

წიგნის ნაბეჭდი ვერსია ხელმისაწვდომია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში.

იხილეთ წიგნის ელექტრონული ვერსია.